ბოლო სამი დღის განმავლობაში, ოზურგეთის ქუჩებში, ხშირად ხედავენ სამ პაწაწინა ლეკვს, რომლებიც განსკუთრებით ფრთხილობენ ქუჩაში მოძრაობისას. უფრო ტროტუარებს მიუყვებიან. კარგა ხანს წვანან ზებრაგადასასვლელთანაც, თითქოს, ადამიანზე მეტად ხვდებიან სიფრთხილის მნიშვნელობას. რაც მთავარია, ერთმანეთს არ ტოვებენ და სამივე ცნობისმოყვარე, დამფრთხალ მზერას აყოლებს გამვლელ-გამომვლელს.
_ ვინ იცის, იქნებ, დედას ეძებენ? ვინ გაიმეტა ასე ქუჩაში დასაყრელად? როდის დასრულდება ჩვენში ძაღლის, ზოგადად, ცხოველის ასეთი უპატივცემულობა? _ ამბობენ ფეხით მოსიარულე მოქალაქეები, რომელთაგან ზოგი ლუკმას უწვდის ამ „სამ მუშკეტერს“, ერთმანეთს რომ ცოცხალი თავით არ შორდებიან, ზოგიც _ სიბრალულის გამომხატველ მზერას უტოვებს საგზალივით…