ექსპრემიერი გიორგი გახარიას გუნდის წევრი ლანჩხუთის საკრებულოდან ჯუმბერ ბლაგიძე ყოფილი თანაგუნდელის, გია ცეცხლაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ტყუილსა და არაგულწრფელს უწოდებს.
,,ტყუილი და არაგულწრფელია ის, რაც გია ცეცხლაძემ განაცხადა. ყველამ კარგად იცის რეალურად ასეთი განცხადებები სადაც იწერება”.
ბლაგიძე იმასაც მიიჩნევს, რომ ცეცხლაძე ხელისუფლების დავალების შემსრულებელია და სამომავლოდ მათი მხრიდან სიკეთეებს მოელის.
,,სამი წლის შემდეგ მიხვდა?! არ არის ეს გულწრფელი აღიარება. ასეთი განცხადებები იწერება იქ, სადაც იწერება, სანაცვლოდ სიკეთეების დაპირებებით. როგორც ჩანს, ცეცხლაძეს თავად ვერ გაურკვევია, სად იყო და რა უნდოდა. ეტყობა, თავად ისევ ოცნებაში იყო და აქ ანგარებით, რაღაცეების მიღების სანაცვლოდ მოქმედებდა. სამი წელი იმას არკვევდა, გახარია ბიძინასთან იყო თუ არა?! რა თქმა უნდა, არაგულწრფელი, ყალბი აღიარებაა”, _ ამბობს გახარიას ლანჩხუთელი თანაგუნდელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ცეცხლაძემ, გახარიას მთავარი მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ მან არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა.
ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდოვანი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, “ის, რაც გია ცეცხლაძემ იკადრა, სუს-ში დაწერილი სცენარია”.
ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა ასევე, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე.