ბახმაროში დღეს მომხდარ ინცინდენტზე, სადაც ერთმანეთს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ პირველ კომენტარს აკეთებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მოკვლევის მასალების მიხედვით, სააგენტოს პრეტენზიები არა თვითმმართველობასთან, არამედ იმ კომპანიასთან აქვს, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2010 წელს გაკეთებულ პარკში ატრაქციონი დადგა:
_ დაჯარიმების საკითხი რომც დადგეს, არ იქნება ისე, რომ ქონების მართვის სააგენტო აჯარიმებს თვითმმართველობას, _ გვითხრეს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ დეტალები იმ კვირაში გახდება ცნობილი.
განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან ბახმაროდან _ როგორც გვითხრეს, სააგენტოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტს ჯარიმას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მიწაზე უნებართვოდ გაკეთებული პარკის გამო უწერდნენ და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება სააგენტოს წარმომადგენლებსა და კურორტის ხელმძღვანელობას შორის, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.