გურიაში მეხუთე დღეა თოვს. ამ დროისთვის უმეტეს სოფლებს არ მიეწოდება შუქი, გაზი და ინტერნეტი.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის რეგიონში რთული სიტუაციაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ “სამივე მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელები პირები ჩართულები არიან დამხმარე სამუშაოებში“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ნინო ბახტაძის თქმით, ამ დროისთვის 16 ერთეული ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში და ამ დრომდე მიდის გაწმენდითი სამუშაოები.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა ტექნიკით დახმარება სხვა მუნიციპალიტეტიდან, ნინო ბახტაძემ გვითხრა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
მსგავსი ინფორმაცია არც გურიის მხარის ადმინისტრაციაში არ აქვთ.
შევეცადეთ ინფორმაცია მიგვეღო ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილისგან, მაგრამ მან ტელეფონი გაგვითიშა. თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა სულაბერიძემ გვითხრა, რომ კომენტარს მალე მოგვაწვდიდა.
ზარი არ გადის ჩოხატაურის მერის დავით შარაშიძის მობილურზე _ ჩვენ გვინდოდა გადაგვემოწმებინა მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში ცენტრალური გზა გაწმენდილი არაა და მაღაზიებში პური არ არის.
ასევე, ვცდილობთ დაკავშირებას “ქართული ოცნების” დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან, თუმცა, ის ზარს არ პასუხობს და, ჯერჯერობით, არც სატელეფონო შეტყობინებებზე რეაგირებს.