როგორც ,,გური ნიუსისთვის„ გახდა ცნიბილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი გახორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აუცილებელია, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ახალი რეფორმები გახორციელდეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა გახორციელდეს“, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.