დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ახალგაზრდული კონკურსის დაჯილდოვება.
კონკურსის მიზანი იყო უფროსკლასელთა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, მათი მოტივაციის ამაღლება საჯარო პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ გურიაში მცხოვრებ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს. ჟიურის შეადგენდნენ იმერეთი, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონული ჰაბების წარმომადგენლები. კონკურსი 20 თებერვალს გამოცხადდა და მასში 9 კონკურსანტის თორმეტი ნამუშევარი შემოვიდა. თითოეულ კონკურსანტს შეეძლო გამოეგზავნა რამდენიმე ნამუშევარი, სხვადასხვა თემაზე. კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
1 ადგილი დაიკავა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლემ – ანი თუთისანმა.
მე-2 ადგილი – ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ – ალექსანდრე ფასიეშვილმა, ხოლო მესამე ადგილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლოს სკოლის მოსწავლემ – ელენე ბარამიძემ.
კონკურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.