სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.
„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.