სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის წარმოების სითბური აეროსტატი Cameron Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).
აეროსტატს მართავდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები მოქმედი მოწმობებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა გეგმური შემოწმება.
საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.