სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე და ახალი გვინეას კუნძულზე ბინადრობს.
ევროპელებმა ის 1522 წელს გაიცნეს, მაგელანის ექსპედიციის წყალობით. სამშობლოში დაბრუნებულმა ეკიპაჟის წევრებმა, ევროპაში ამ ფრინველის ბუმბულები ჩაიტანეს, რომლებსაც მაღალი წრის ქალბატონები სამკაულებად იყენებდნენ.
თავის მხრივ, მეზღვაურები, მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად, სხვადასხვა ლეგენდებს იგონებდნენ ამ ფრინველების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუმბულის ფასი საკმაოდ მაღალი იყო. XIX საუკუნემდე, ევროპაში არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ ამ ფრინველებს ფეხები არ ჰქონდათ და მთელს ცხოვრებას ჰაერში ატარებდნენ და არაამქვეყნიური საკვებით – „ზეციური ნამით“ იკვებებოდნენ.
მხოლოდ 1824 წელს, ახალ გვინეაში ჩასულმა, რენე ლესსონმა ნახა, რომ ამ ფრინველებს ფეხებიც ჰქონდათ, მიწაზეც დადიოდნენ და ხილითა და მწერებით იკვებებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფრინველების „იდუმალების“ საიდუმლო გახსნილი იყო, ფრინველების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მაინც არ ჩაწყნარდა, ხოლო მოთხოვნილება ბუმბულზე, კიდევ უფრო გაიზარდა. ამის გამო ფრინველებს უმოწყალოდ ხოცავდნენ და მათი პოპულაცია მკვეთრად შემცირდა.
ჩვენს დროში, ამ ფრინველის დაჭერა აკრძალულია, მხოლოდ ახალი გვინეას პაპუასებს შეუძლიათ მათი ბუმბულების გამოყენება რელიგიურ რიტუალებში.