საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ამ დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
“დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე – აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად – ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად – სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს – ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის – თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ – აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე – ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა.
არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს – არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია.
p.s. მედიასთან დამატებით კომენტარები არც შარშან გამიკეთებია და არც წელს ვაპირებ განგრძობით პოზირებას, ერთი ჩვეულებრივი განცხადების გამო. რაც წერია, მგონი, სრულიად ცხადი და გასაგებია. კარს რაც შეეხება, ბუნებრივია, დაკეტილი დაგხვდებათ, უბრალოდ ძლიერად დააკაკუნეთ და ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები, ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის წევრები შეგეგებებიან. თუ არადა და აქვე მომწერეთ.
თქვენი გიორგი კეკელიძე.“ – წერს ფეისბუქზე გიორგი კეკელიძე.