ლანჩხუთელი მხატვრის ზაზა დობორჯგინიძის ნამუშევრების გამოფენას _ ,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”, ღია სივრცეში, დღეებია მასპინძლობს ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი, მაია ჩხაიძე განმარტავს, ეს გამოფენა მხატვარ ზაზა დობორჯგინიძის შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„ნიშანდობლივია, რომ ზაზა დობორჯგინიძის შემოქმედებაში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის უფლისა და სამშობლოს სიყვარული. იგი 9 აპრილის მონაწილეა… ზაზა ხელოვანის, ცნობილი პოეტის, ჯემალ დობორჯგინიძის ვაჟიშვილია. დამთავრებული აქვს მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტი. ამჟამად ლანჩხუთის სამხატვრო სკოლაში ხატვა-სახვითი ხელოვნების მასწავლებელია“, _ ამბობს მაია ჩხაიძე და იქვე დასძენს, რომ ზაზა დობორჯგინიძე გამოფენებს აწყობდა, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთაც. არის მხატვართა კავშირისა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.