“ვერსად შეიგრძნობ გამარჯვებას ისე, როგორც სამშობლოში”, – ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საუბრობს.
“ვერსად ვერ შეიგრძნობ იმ შეგრძნებას, როგორსაც სამშობლოში. ამერიკაში ვიყავი ეს ორი კვირა, ევროპაშიც ვიყავი, ქართველებსაც შევხვდი, მაგრამ სამშობლოში სულ სხვა არის ჩამოსვლა გამარჯვებულზე. ეს იყო ჩემი ოცნება მთელი ცხოვრების და, მადლობა ღმერთს, გამარჯვებული ვბრუნდები სამშობლოში. გპირდებით, რომ ბევრჯერ გავახარებ ჩემს სამშობლოს. დენა უაითმა გამიკეთა ქამარი, ვიგრძენი ამ ქამრის ფასი, წონა, მნიშვნელობა და დაფასება… 1-2 წამი ჩემი ემოცია ვერ გავაკონტროლე. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ეს ქამარი დიდხანს შევინარჩუნო.
მსოფლიო ჩემპიონი იყო, ჩემი მეგობარი ჰყავდა დამარცხებული, საშიში მოწინააღმდეგე იყო. მე ის ადვილად დავამარცხე, უფრო მეტადაც შემეძლო დომინაცია, უბრალოდ, ძალიან ვფრთხილობდი.
როგორც ჩანს, UFC-ის უნდა, უმარ ნურმაგომედოვი იყოს ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. რა თქმა უნდა, აბუ-დაბიში ილიასთან ერთად ვიქნები, სხვადასხვა ღონისძიებაში ვარ ასევე ჩართული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიჯდები და ბოლო ხმაზე ვიღრიალებ, რომ ილიასთვის ჯერ მისი კუთხე ვიყო და მერე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად გამარჯვება აღვნიშნო,” – აცხადებს UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.