სამტრედიის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ,,გურია ნიუსს” უდასტურებს.
ვალერი ფოცხვერიას განმარტებით, გუშინ, 27 აპრილს, სამტრედიაში საკოლმეურნეო ბაზრის არ გახსნას, მართალია, საზოგადოების მხრიდან გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ ამ ფაქტს თავისი გამართლება ჰქონდა:
,,სამტრედია არ არის ვანი, ხონი და აბაშა, რომლებიც ძირითადად საკუთარ მუნიციპალიტეტებს მოიცავენ. სამტრედია არის საკვანძო ქალაქი, სადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ჩამოდის და სარგებლობს საკოლმეურნეო ბაზრით. ამდენად, ჩვენ მეტი მოთხოვნა გაგვაჩნია ბაზრის ადმინისტრაციის მიმართ, სამტრედიის აგრარულუ ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. სამტრედია არ დაუშვებს იმ ფაქტს, გაიხსნას ბაზარი და იმავე დღეს დაიხუროს, როგორც ეს გუშინ რამდენიმე მუნიციპალიტეტს დაემართა.”
ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, ხვალ დილის 6 საათიდან სამტრედიაში, ორკვირიანი პაუზის შემდეგ, საკოლმეურნეო ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს.