სამტრედიის სოფელ ეწერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშავეები უკვე დააკავეს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მუნიციპალიტეტში ქურდობის შემთხვევები გახშირდა, თუმცა ამ დრომდე არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.
კახიანის სახლში მომხდარ ფაქტს ადასტურებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია. მისი თქმით, მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მერი მოსახლეობის შენიშვნებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ სამტრედიაში კრიმინალი გაზრდილი არაა.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამტრედიაში მომხდარი ძარცვის ორი ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 3 პირი. ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ბრალად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორების მოპარვაში დაედო ბრალი, სოფელ ეწერში მომხდარი ბინის ქურდობაც აღიარა. გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.