დღეს სამტრედიაში ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს. წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მეუფე საბამ აღავლინა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა საბამ ქადაგებაში ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იქვე ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს საერთო პრობლემაზე, კოვიდ-19-ის პანდემიაზე, მრევლს სიმშვიდისა და რწმენაში გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, 12 საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. სახარების მიხედვით ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათელის ცემას, ანუ მონათვლას. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი საეკლესიო პირველი საიდუმლო.
ნათლისღების დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, ტრადიციულად 29 იანვარს აღნიშნავს.
წირვის შემდეგ იკურთხება წმინდა აიაზმა, ნაკურთხი, განწმენდილი წმინდა წყალი ურიგდება მრევლს.
წყლის კურთხევის და მრევლისთვის ნაკურთხი წყლის დარიგების რიტუალი სამტრედიის საკათედრო ტაძარშიც შესრულდა, სადაც შეკრებილთა უმრავლესობა ნათლია-მონათლული იყო.
ნათლისღების დღესასწაულზე სამტრედიაში პირველი თოვლი მოვიდა და ათეულობით სამტრედიელი გაქრისტიანდა.