სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 27 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
პირველ თებერვლამდე დისტანციური სწავლებაა შენარჩუნებული 8 საჯარო და 2 კერძო სკოლაში. შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 32-მა საჯარო სკოლამ საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ხუთი საჯარო სკოლა მშობელთა მოთხოვნით, უსაფრთხოების მიზნით, გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
,,განათლების სამინისტრო ამარაგებს სკოლებს პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ჰიგიენური საშუალებებით. სურვილი გვაქვს, პირველი თებერვლიდან ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით სწავლა დაბრუნდეს საკლასო ოთახებში. ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სად გააგრძელებს სასწავლო პროცესს მეოთხე საჯარო სკოლა, რომლის სასწავლო პროცესი შეჩერებულია მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, კერძოდ, სამტრედიაში დაიწყო მეოთხე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. ამ პერიოდში სკოლა სასწავლო პროცესს გააგრძელებს მესამე საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში. თუმცა მეოთხე სკოლა პირველ მარტამდე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს,”_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ საუბრისას სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ელენე ბოხუამ გააკეთა.