სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით სატრენაჟო სივრცე მოეწყო, სადაც ბევრი ადამიანი, ასაკის მიუხედავად, ფიზიკურად კაჟდება და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში სამწუხარო ფაქტებიც ფიქსირდება. ჯერჯერობით, დაუდგენელია, თუ ვინ აზიანებს სპორტულ ინფრასტრუქტურას.
საზოგადოება ამ ფაქტის მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს.
ქალაქის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი თემურ ახობაძე სოციალურ ქსელში ვანდალიზმის შესახებ წერს და იქვე დიდ გულისტკივილს გამოთქვამს:
“სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის წინ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 4 ივლისს დამონტაჟებული ტრენაჟორები, ორიოდე კვირის თავზე, უსიყვარულო, გაუნათლებელი, უთავმოყვარო და ბოღმიანი „ადამიანების“ წყალობით ასე გამოიყურება!!!
თუ ჩვენი ქალაქისთვის რაიმე ღირებულის გაკეთება არ შეგვიძლია, სხვის გაკეთებულს მაინც ნუ დავაზიანებთ. ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი წილი ადამიანური პასუხისმგებლობა რომ ავიღოთ ჩვენ თავზე, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება”, _ წერს ახობაძე.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი