სამტრედიის მუნიციპალიტეტის 35 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი გუშინ 33 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა სამტრედიის ორ კერძო სკოლაშიც. რაც შეეხება ქალაქის მეთერთმეტე და სოფელ დიდი ჯიხაიშის პირველ საჯარო სკოლებს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ დაიწყება.
,,წელს სარემონტო სამუშაოები სამტრედიაში თითქმის ყველა საჯარო სკოლას ჩაუტარდა. ძირითადად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, საკანალიზაციო სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ყველა სკოლა სათანადოდ აღიჭურვა”,_ ,, გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ელენე ბოხუამ.
მისივე თქმით, წელს სამტრედიაში წინა წელთან შედარებით პირველკლასელთა რაოდენობა გაზრდილია და ციფრი 618-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტში სულ 6598 მოსწავლეა საჯარო და კერძო სკოლებში.