ალექსანდრა ჯულუხიძეს 22 მაისს ასი წელი უსრულდება.
ის სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ერთადერთი ცოცხალი ვეტერანია. ჯულუხიძე მეუღლის გვარია. ალექსანდრა წარმოშობით უკრაინელია და გათხოვებამდე ნეჟენეც ალექსანდრა ფიოდერევნა იყო. მომავალი მეუღლე, გრიგოლ ჯულუხიძე უკრაინის ფრონტზე გაიცნო. 26 წლის გრიგოლი, ომამდე, სამტრედიის რკინიგზაზე მუშაობდა. მომავალი მეუღლე, 20 წლის ალექსანდრა ფრონტზე მედიცინის დად მუშაობდა. აქედან დაიწყო უკრაინელი გოგოსა და სამტრედიელი ვაჟის სიყვარულის ამბავი. ომის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაუჩნდათ. 60 წელი იცხოვრეს ერთად, ომის ჭრილობების მიუხედავად, სოფელ ჩხენიშში დაუღალავად ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას. უკრაინელ ქალბატონს ომის თანამებრძოლი და თანამეცხედრე რამდენიმე წლის წინ დაეღუპა.
ალექსანდრა ჯულუხიძეს, ასაკის მიუხედავად, არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი გუნება- განწყობა ძალიან გაუფუჭა. საოცრად განიცდის მშობლიურ უკრაინაში დატრიალებულ უბედურებას და გულისტკივილით იხსენებს ომს, სადაც უკრაინელები, ქართველები და რუსები ერთმანეთის სიცოცხლისთვის თავს სწირავდნენ.
ითვლის დღეებს 22 მაისამდე, როცა დიდი სამამულო ომის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ ვეტერანს, ასი წლის ალექსანდრა ჯულუხიძეს ოჯახის წევრები, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიულოცავენ.