სადღესასწაულო წირვა ჩატარდა დღეს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში. ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი საბა წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელს სამტრედიელ მოძღვრებთან ერთად დილიდანვე წირავდა.
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ვინაიდან სამტრედიის საკათედრო ტაძარი წმინდანის სახელობის არის, მუნიციპალიტეტში დავითობა განსაკუთრებულად აღინიშნება.
დავით მეოთხის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
საკათედრო ტაძარი, რომელიც წმინდა დავით აღმაშენებლის სახელზე საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის მიერ 1991 წელს ეკურთხა და მის მშენებლობაში სრულიად სამტრედია იყო ჩართული, მუნიციპალიტეტის სულიერების სავანე და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ნაწილი გახდა.
დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან 932 წელი შესრულდა. საზეიმო ღვთისმსახურება სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფე საბას მიერ წელს მეათედ ჩატარდა.