,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სამეანო- ნეონატოლოგიური განყოფილება გაიხსნა.
მესამე წელია, რაც სამტრედიაში სამშობიარო აღარ ფუნქციონირებს, რომლის მიზეზად კოვიდ პანდემია სახელდება.
“სამტრედია ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდარი სამშობიარო ტრადიციითა და სამეანო განყოფილებების წარმატებული საქმიანობით. ამ ქალაქში იბადებოდნენ ახალშობილები არა მარტო სამტრედიიდან, არამედ მეზობელი რეგიონებიდანაც. ამდენად, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, აღგვედგინა სამეანო განყოფილება,”- მედიასთან კომენტარში აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა, გიორგი კუხიანიძემ.
დღეიდან სამტრედიაში ფუნქციონირებას შეუდგა 5 საწოლიანი სამეანო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და აპარატურით, აკმაყოფილებს ყველა სანებართვო მოთხოვნას.
განყოფილებას სათავეში ჩაუდგა ექიმი გინეკოლოგი ბაკურ ენდელაძე. განყოფილება დაკომპლექტდა დიდი გამოცდილების მქონე როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სპეციალისტებით.
ავტორი