ლანჩხუთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“უკვე თანდათან, მცირედით შეინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია. თითქმის ყოველდღე ფიქსირდება ინფიცირების 8, 9, 10 შემთხვევა. გამოჯანმრთელებებიც გვაქვს. აქტიური შემთხვევები 30-32-ს შორის მერყეობს ეს დღეებია.
აქამდე ნაკლები იყო კოვიდტესტებზე მომართვიანობა, ახლა უფრო შედარებით მეტი ადამიანი მოდის და რაც მეტი, სიმპტომების მქონე ადამიანი მოვა გასატესტად, მით მეტი შემთხვევა გამოვლინდება თავისთავად.
პანდემია დასრულებული არ არის. ისევ პანდემიის ფაზაში ვართ. მოდის ახალ-ახალი შტამები. საქართველოს რომ თავი დავანებოთ, უცხოეთში რა ხდება ხომ იგებს ხალხი. რომელ დასრულებაზეა საუბარი? თუ ადამიანს აქვს რესპირატორული ნიშნები, თუ არ მივა და ტესტს არ გაიკეთებს, ვერ დადასტურდება ეს კორონავირუსია თუ რესპირატორული ინფექცია, გრიპის სეზონი ახლა არ არის და შესაბამისად, იტყვის, რომ არაფერი არ აქვს და უბრალოდ გაცივდა. თუნდაც, არ დადასტურდა კორონავირუსი ტესტის შედეგად, უბრალოდ გაციების შემთხვევაშიც აუციელებელია, რომ საზოგადოებას, ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს მოვერიდოთ და არ ვიაროთ ქუჩაში. ამდენსაც ვერ ხვდებიან, უბედურება ამაშია. ის ვისაც აქვს ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა- რომ მიხვდეს იმდენს, რომ პირბადე გაიკეთოს და სხვას ზიანი არ მიაყენოს, ამდენად არ გავრცელდება. სამწუხაროდ, ელემენტარული ჰიგიენის წესსაც არ იცავენ”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10926 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10811, გარდაცვლილია 83. აქტიურია ინფიცირების 32 შემთხვევა.