ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა კრიტიკის ობიექტი გახდა.
გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რომელი არჩევნები რომელ დღეს გაიმართა საქართველოში:
2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ოქტომბერს, ოთხშაბათს დანიშნა;
2008 წლის საპარლამენტო არჩევნები – 21 მაისს, ოთხშაბათს;
2008 წლის შუალედური საპარლამენტო არჩევნები _ 3 ნოემბერს, ორშაბათს;
2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები _ 5 იანვარს, შაბათს;
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის _ 30 მაისს, კვირას;
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები _ 1 ოქტომბერს, ორშაბათს. რაც შეეხება “ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველია, რომელიც სამუშაო დღეს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდება.
კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება.
28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება.
მეორე ტურის დღის განსაზღვრისას კანონი რამე რეგულაციას არ ითვალისწინებს და კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაიმართოს.