ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასულიერო პირებს მოუწოდებს, დაკავებული მოძღვრისთვის ილოცონ და მათი სულიერო ძმის სიცოცხლისთვის იფიქრონ.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან განუცხადა, ბრალდებული დეკანოზი უკან დახევას არ აპირებს და ის თავის სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს.
”მივმართავ სასულიერო პირებს, სანამ კიდევ რწმენა შემრჩენია, კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სისოცხლეზე იფიქრეთ. არსად არ მიდის მამა გიორგი და ის თავის სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს, მაგრამ ყველაფერი ყველაფრისგან მოსალოდნელია”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. ციანიდს საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკითხვის პროცედურა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს დაბალი ტემპერატურა და წნევა აღენიშნებოდა, რის გამოც ის „რამდენჯერმე ჩაიკეცა“. დაცვის მხარის პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”