“პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის. ბევრისთვის, მოულოდნელი იყო ჩვენი წარმატება. ბედნიერები ვართ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ყოფნით. აღსადგენად ოთხი დღე გვქონდა, ესპანეთის კი ექვსი. არ ვამბობ, რომ ეს პრობლემაა, ეს რეალობაა, თუმცა უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი დრო გვქონოდა. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად არიან და მოუთმენლად ელიან მოედანზე გასვლას”,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვია და ტურნირის საუკეთესო გუნდია. სწორედ ამიტომ, ძალიან რთული თამაში გველის. ესპანეთის წინააღმდეგ ბოლო სამი წლის განმავლობაში ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივე შემთხვევაში დავმარცხდით. თუმცა, ახლა სხვა ტურნირზე, განსხვავებულ გარემოში და პირობებში ვართ. ამიტომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ფეხბურთელებმა იციან ჩემი მუშაობს სტილი. იციან, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვის თამაშს და დისციპლინას. თუმცა, როდესაც ბურთი აქვთ, იციან, რომ სრული თავისუფლება აქვთ. ფეხბურთი არ არის მათემატიკა ან ჭადრაკი. ფეხბურთი უნდა ითამაშო შეგრძნებებით, გამოცდილებით და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. ეს უხდება ქართულ ემოციურ ხასიათს. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ყველა საუკეთესო თვისება ვიხილე.
გადაწყვეტილების მიღება ჩემი საქმიანობის ნაწილია და ბედნიერი მწვრთნელი ვარ, თუ ჩემი გადაწყვეტილებები გუნდს ეხმარება. საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია. თუმცა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ და მიხარია, როდესაც მოთამაშეები მპასუხობენ იმით, რაც ბოლო სამ მატჩში გააკეთეს. კიდევ ერთი მატჩია, კიდევ ერთხელ მომიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ვნახოთ, ამჯერად ეს რას მოგვიტანს. ამ თამაშს თავდაჯერებით ვხვდებით, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩემთვის, ჩვენ უკვე ვართ ევრო 2024-ის გამარჯვებულები. მოუთმენლად ველი სტადიონზე კიდევ ერთხელ გასვლას და საქართველოს ჰიმნის აჟღერებას”,_ განაცხადა სანიოლმა.