სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი თბილისში, დიდუბის სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე, იგივე დეზერტირების ბაზრობაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რასაც პროდუქციის შეძენისას შემთხვევით შეესწრო და გადაიღო.
ვიდეოზე ასახულია თევზით მოვაჭრე, რომელიც ცოცხს თევზებით სავსე აკვარიუმში ასველებს, წმენდს აკვარიუმის მინას და ცოცხს ისევ აკვარიუმში ჰყოფს.
რამდენად ხშირად ხდება აგრარული ბაზრების კონტროლი, რა რეაგირება მოჰყვება მომხდარს, არის თუ არა საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ პირობებში შეძენილი თევზი_ ამ კითხვებით „გურია ნიუსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუკავშირდა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას, უფრო კონკრეტული შეფასების გაკეთება კი კონტროლის ჩატარების შემდეგ შეეძლებათ.
„აგრარული ბაზრების კონტროლი სისტემატიურად ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას, რაც ვნახეთ ვიდეო მასალაზე. ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან არის მიღებული, თუმცა, სახელმწიფო უწყებამ უნდა გაახორციელოს შესაბამისი კონტროლი და უფრო კონკრეტულ შესაბამის შეფასებასაც შემდეგში გავაკეთებთ“, _ ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.