რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელწმიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რუსთავში განხორციელებული ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და მის საფუძველზე, ქალაქში არსებული საწარმოებისთვის დაწესებულ სანქციებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეგულაციებს, რომლებიც გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლისა და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში არსებული სამრეწველო საწარმოების მსგავსი მასშტაბის მონიტორინგი არ ჩატარებულა. წელს პირველად, სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური შემოწმება, რომლის მიზანი, საწარმოებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღება იყო. სამომავლოდ, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საწარმოებს დაუწესდებათ კონკრეტული მოთხოვნები, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ეს მოგვცემს საშუალებას, საწარმოთა კონკრეტული ქმედებების გატარებით, ეტაპობრივად გამოსწორდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც გულისხმობს გაზრდილ საჯარიმო სანქციებს მათთვის, ვინც არ ასრულებს გარემოსდაცვითი ნებართვების პირობებს, საქმიანობენ ფილტრების გარეშე და ა.შ. სანქციები იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ შედეგს მოგვცემს და საწარმოების მხრიდან, გარემოსდაცვის კუთხით მეტად პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს“,_ განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ქვემო ქართლში სახელწმიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხორციელების შედეგად, უახლოეს მომავალში, მოსახელობა ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით გარკვეულ უკეთესობას იგრძნობს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ჯგუფი ხელს შეუწყობს წევრებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და აქტიურ კომუნიკაციას.