საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს _ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
51 ოპოზიციონერთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირაში იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება. რეგლამენტის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ.
რაც შეეხება მათ, ვისაც ამ დროისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადი აქვთ შეტანილი, ესენი არიან – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.