საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს ეროვნულ ბანკში.
როგორც გოგა მიქელაძემ ისაუბრა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესებსა და იმ სამ პორტფელზე, რომელშიც ჯერ ავტომატურად გადანაწილდნენ დამზოგველები, ხოლო 6 სექტემბრამდე აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდებენ თავიანთ საპენსიო დანაზოგს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ადამიანებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
“მიზანი არის მოსახლეობის აქტივების და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა. ნებისმიერ დროს ადამიანს შეეძლება მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილება, ასაკს არ ექნება მნიშვნელობა. ადამიანებს, ასევე შეეძლებათ მათივე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს,” – აცხადებს გაგუა.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ ინვესტიციები იქნება დაცული და მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ მსხვილ აქციებში.
“ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, მონაწილე, რომელიც იყო ბოლო 5 წელი იყო ინვესტირებული სტაბილურ პორტფელში, მას მიეცა არჩევნის საშუალება. მაღალრისკიანი პორტფელი არის ის, რომ მონაწილეების ინვესტიცია არ მოხდება რისკიან საქმეებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა, ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი და ა.შ ის, რომ რამე დაიკარგება ეს არის მცდარი ინფორმაცია,” – აცხადებს გოგა მელიქიძე.