საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს შეხვდა და საპენსიო რეფორმის დეტალებისა და ამ დროისათვის არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც “საპენსიო სააგენტოს” დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები საკმაოდ მნიშვნელოვანია , რათა დასაქმებულები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი დაგროვებითი საპენსიო სისტემის დადებითი მხარეების შესახებ.
“დაახლოებით 8 წელი ვიყავი რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამიტომ საკმაოდ ემოციური იყო რკინიგზის თანამშრომლებთან შეხვედრა. ვუპასუხე მათ კითხვებს რეფორმის შინაარსის, მისი სიკეთეებისა და ტექნიკური საკითხების შესახებ. კითხვები ასევე შეეხო უსაფრთხოებას და რისკებს და მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და საპენსიო სააგენტო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სქემაში ჩართული ადამიანების ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას. ამასთან საპენსიო რეფორმა მოწინავე დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს მონაწილეთათვის.საპენსიო სააგენტო ყოველთვის მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის,” _ განაცხადა ლევან სურგულაძემ.
როგორც “საქართველოს რკინიგზის” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ნინო ჩხაიძემ განმარტა, კომპანიამ ” საპენსიო სააგენტოს” დირექტორის მოწვევა დასაქმებულების მხრიდან კითხვების სიმრავლის გამო გადაწყვიტა.
“საქართველოს რკინიგზაში 12 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათ საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ სქემაში ნებაყიფლობით გაწევრიანებაზე, რეფორმის დადებით მხარეებსა და ტექნიკურ დეტალებზე ამიტომ დავუკავშირდით “საპენსიო სააგენტოს” და დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენმა თანამშრომლებმა არსებულ კითხვებზე უშუალოდ სააგენტოს დირექტორისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხები,” _ განაცხადა ნინო ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 49 000 კომპანიაა უკვე ჩართული და 740 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 165 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 680 000 ლარს შეადგენს.
(R)