ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე პარლამენტში დეპუტატებს ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს აცნობს. როგორც მიქაბაძემ სხდომაზე აღნიშნა, დღეს არსებული საპენსიო სისტემა საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეულ ფულად ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, მისი განცხადებით, საპენსიო სისტემის რეფორმა აუცილებელია.
“დღეს არსებული ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო ოდენობის პენსიას საქართველოს მოქალაქე პენსიონერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამის გასაზომად ერთ-ერთი გავრცელებული და მიღებული მაჩვენებელი არის ე.წ ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს პენსიის შეფარდებას საშუალო ხელფასთან. ის დღეს საქართველოში, დაახლოებით, 19%-ია და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საერთაშორისო მაჩვენებლებს. მაგალითად, რეგიონის ქვეყნებში ეს მაჩვენებლები არის საშუალოდ 40%, “ოისიდის” ქვეყნებში არის 63 %, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით, 80 %- ია. შესაბამისად, იმ დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით და იმ პროგნოზების გათვალისწინებით, რაც დემოგრაფიულ ცვლილებებთან მიმართებით გვაქვს, ჩანაცვლების კოეფიციენტის თუნდაც მცირედი ზრდა ფისკალური მდგრადობის გაუარესების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
დღეს, საქართველოში 732 ათასი პენსიონერია, 2030 წლისთვის პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით, 77 ათასით მცირდება სამუშაო ძალა, ხოლო იზრდება 212 ათასით პენსიონერთა რაოდენობა და 979 ათასს აღწევს, შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენია რამდენად მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ენება ჩანაცვლების კოეფიციენტის თუნდაც მცირე ზრდას, შესაბამისად, ამ მიმართულებით დგება რეფორმის საჭიროება“,_ განაცხადა მიქაბაძემ.