კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას bfmtv ავრცელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება.
მისივე თქმით, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.
„საფრანგეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსვლა ისევე, როგორც საფრანგეთიდან ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გასვლა იკრძალება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. აღნიშნული ზომა 31 იანვარს, 00:00 საათიდან ამოქმედდება“ – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჟან კასტექსმა ასევე განაცხადა, რომ სამგზავრო შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში დაიხურება დიდი არასასურსათო სავაჭრო ცენტრები. ასევე მან აღნიშნა, რომ საიდუმლო წვეულებებისა და უკანონოდ გახსნილი რესტორნების წინააღმდეგ პოლიცია მტკიცე ზომებს მიიღებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 3 153 487 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 75 620 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში COVID-19-ით 820 ადამიანი გარდაიცვალა.
საფრანგეთში 18:00-დან 06:00 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათი” მოქმედებს.