საფრანგეთში კორონავირუსს კიდევ 243 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 26 230 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს ცნობით, საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზით ახლა 22 724 ადამიანი მკურნალობს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 510-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში საფრანგეთში კორონავირუსის 138 211 შემთხვევაა დადასტურებული. 55 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
საფრანგეთი კარანტინის შემსუბუქებას 11 მაისიდან გეგმავს, როდესაც ადამიანებს სახლიდან 100 კილომეტრის მოშორებით ავტომობილით მგზავრობის უფლება მიეცემა. ამავე დღიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: იმედინიუსი