შესაძლოა, საქართველოში არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდეს. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას და როგორია მოლოდინები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?_ ,,გურია ნიუსი“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარეს გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
_ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქართველოში გადმოსვენება სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება და მისივე თქმით, კვლევის ჩატარებას, სულ მცირე, 1 თვე დასჭირდება. როგორ აფასებთ ბიბილოვის განცახდებას?
_ ბუნებრივია, პროცესს აჭიანურებენ. დეფაქტო პრეზიდენტს სურს, საქართველოში სიტუაცია წარმოაჩინონ ისე, თითქოს დამოუკიდებლები არიან და არავის პოზიცია აინტერესებთ. ისინი მთლიანად დამოკიდებულები არიან რუსეთზე და, ბუნებრივია, ამ საკითხს რუსეთთან შეთანხმების საფუძველზე წყვეტენ. რუსეთი კი, თავისთავად, დაინტერესებულია, რომ თავისი პოზიციები უფრო განამტკიცოს სეპარატისტულ რეგიონებში, ამიტომ ეს პროცესი, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, არის მართული.
პრობლემა გახლავთ ის, რომ მძიმე სახის დანაშაული მოხდა ტატუნაშვილის მიმართ. შესაძლოა, ის ნაწამებია და უნდათ, რომ კვალი დაფარონ და რაც მეტი დრო გავა ეს კვალი, ბუნებრივია, დაიფარება.
_ ბატონო გიორგი, პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის შექმნაზე მუშაობს. როგორ ფიქრობთ, რეზოლუციას რაიმე სახის არსებითი ძალა ექნება?
_ შესაძლოა, რეზოლუციას პირდაპირი ზემოქმედების უნარი არ ჰქონდეს, მაგრამ მის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, ქართველების ეთნიკური წმენდა, მკვლელობები და რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა დააფიქსიროს ეს მძიმე დანაშაულებები, საერთაშორისო ორგანიზაციებს ხომ არ დაველოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში გამოყოფილი იყოს, თუ რამდენად დიდია რუსეთის ჩართულობა ამ დანაშაულებრივ პროცესებში.
_ იმ შემთხვევაში, თუ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ერთი თვის განმავლობაში არ გადმოსცეს, საქართველოს ხელისუფლება შეეგუება ამ პროცესს?
_ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. რუსეთს ომს ვერ გამოვუცხადებთ. წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სისულელეს ვერ გავიმეორებთ. ჩვენი ბერკეტი არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების, შეერთებული შტატების, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოების მაქსიმალური ჩართულობა. სხვა არაფერი შეგვიძლია.
_ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და ბუნებრივია, მოსახლეობას აინტერესებს, ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. ფლობთ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას?
_ არაფრის თქმა შემიძლია. მოგეხსენებათ, ,,მწვანეთა პარტიას“ წარმოვადგენ და ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ყოფილა. რაიმე სახის სიახლე რომ ყოფილიყო, გვეცოდინებოდა. ზოგი დეპუტატი ამბობს, რომ კონსულტაციები დაწყებულია, ზოგი კი ამ ფაქტს უარყობს. კონსულტაციები დაწყებული რომ იყოს, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ, შესაძლოა, გაერთიანებული ძალებით იბრძოლოს და საერთო კანდიდატი წარადგინოს. თქვენთვის რამდენად რეალურია ოპოზიციონერ პარტიათა ასეთი კონსენსუსი?
_ 90 -იანი წლების შემდეგ ,,მწვანეთა პარტია“ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და ამ დროის განმავლობაში, არ მახსოვს, რომ ოპოზიციის გაერთიანება მომხდარიყოს. ერთიანი ოპოზიციის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ვერ ხდება. ისტორიულად ასე ხდებოდა საქართველოში _ გაერთიანების შემდეგ მალევე იშლებოდნენ. დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოციზია გაერთიანებას ვერ მოახერხებს.