ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურმა პარტიებმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთ კანდიდატად წარადგინეს, ის მმართველი გუნდის კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს. ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე, შეარჩია თუ არა თავად მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი?_ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ გასცემს.
,,პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ, დღესდღეობით, მმართველი ძალა არის უკონკურენტო, ვინაიდან ყველაზე რეალური პროგრამა, პროექტები და ქვეყნის განვითარების ხედვა გააჩნია მმართველ გუნდს. ვინც არ უნდა დაასახელოს გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად, არა მგონია, მან სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველი გუნდის კანდიდატს. ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია უმრავლესობაში. საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არის სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გადაწყვეტილი რომ იყოს, პირადად ამ ინფორმაციას არ გავცემ, რადგან ერთობლივი განცხადების შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვინ იქნება ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი“, _ განაცხადა ბუკიამ.