ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომელზეც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე ბიუროს სხდომაზე დაინტერესდა გურიანთაში მიწის რომელი ნაკვეთის პრივატიცია იგეგმება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსის. მალხაზ გორგოშიძის თქმით, წარმოდგენილ ნუსხაში საუბარია გურიანთის ცენტრში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ორსართულიანი შენობა დგას, რომლის პირველი სართულზე ადგილობრივ სიკო მეხუზლას აქვს იჯარით აღებული, ხოლო მეორე სართულზე სოფლის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.
მგელაძე დაინტერესდა სოფლის მუზეუმის შენობას რა ბედი ეწევა თუ ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდება?
კითხვაზე გორგოშიძემ უპასუხა, რომ მუზეუმი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადავა და უკეთეს პირობებში იქნება.
სხდომაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გურიანთის ყოფილ დეპუტატს ბონდო ღლონტსა და ინდმეწარმე სიკო მეხუზლას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი იყო. ღლონტი მიიჩნევდა, რომ სოფლის ტერიტორიები არ უნდა გაიყიდოს, მეხუზლა კი ამბობდა, რომ მას ხელს უშლიდნენ საქმის კეთებაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით გურიანთის დეპუტატის მოსაზრებას ელოდება.
“გურია ნიუსი“ მკითხველის განუმარტავს, რომ ეს მიწის ნაკვეთის საკითხი არაერთხელ იყო გამოტანილი საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ დეპუტატებმა მის დამტკიცებაზე უარი თქვეს.
ლევან მგელაძე, ასევე, დაინტერესდა სოფელ შემოქმედში 4 300 კვ. მიწის ნაკვეთის შესახებ. როგორც სხდომაზე გაირკვა, კვირიკეთში (სოფელი შემოქმედი) იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს “გურია ფიშს“ სურს ნორვეგიული ორაგულის ლიფსიტის მეურნეობის გაკეთება.