ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება.
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის შედეგად, ამ დროისთვის, შეზღუდვა, პირველი იარუსის თვრამეტი სექტორიდან მხოლოდ ექვს სექტორს ეხება. შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე.
სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
„დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში, ახალი სქემის დამუშავების შემდეგ გავავრცელებთ.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“,_ განაცხადა მუჯირმა.
საქართველო-სომხეთის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას თბილისი 23 უმასპინძლებს. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.