ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიგზავნა, თურქეთშია,_ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
ჰუმანიტარულ ტვირთს ადგილზე დახვდნენ ანკარის გუბერნატორის მოადგილე ედიზ სურუჯუ, ანკარის სოციალური დახმარებისა და სოლიდარობის ფონდის დირექტორი, ბარიშ იავუზი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი ალექსანდრე კუტიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების მარაგებიდან მოხდა.