„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი ხდება, ჯემალ ჭკუასელს პარკისონის დაავადება აწუხებდა. გუშინწინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
ჯემალ ჭკუასელი დაიბადა 1935 წლის 18 მაისს შერმადინ ჭკუასელისა და ანა გალოგრეს ოჯახში.
და მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიოგრაფია თავიდან ხელოვნებას არ უკავშირდებოდა და დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი, უკვე 1976 წლიდან. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო და სიცოცხლის ბოლომდე ქართულ კულტურას ემსახურა.
ჯემალ ჭკუასელი სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან დღემდე _ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო _ „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს საქართველოს ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.