საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში, 26 ნოემბრიდან მასშტაბური ინტელექტუალურ-გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ დაიწყება. თამაში ორ კვირას გაგრძელდება. სამუშაო დღეებში, მოთამაშეებს, ონლაინ დავალებების შესრულება მოუწევთ. ხოლო შაბათ-კვირას, სათამაშოდ თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებენ.
ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანისთვის განკუთვნილი თამაში, მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით, თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული. მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ.
მოთამაშეები დავალებებს სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმა https://question.ge/-ზე მიიღებენ. პასუხების დაფიქსირებაც აქვე იქნება შესაძლებელი.
გამოცანები „ვეფხისტყაოსნის“ 16 მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი, ვიზუალურად კი გრაფიკული ნოველის/კომიქსის სტილისტიკით გადმოცემული. მოთამაშეები გამოცანებს ეტაპობრივად, ყოველი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღებენ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, დასრულებული სიუჟეტის მქონე კომიქსი შედგება.
თამაშის მოკლე სიუჟეტი ასეთია: თბილისში – წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ჩამოდიან. მათ აქ კომიქსის მთავარი გმირი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ხვდება, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში, დაკარგულ სატრფოს ეძებს. მოთამაშეები მას თავსატეხებით სავსე თავგადასავალში მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანის დაბრუნებაში ეხმარებიან, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან.
გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველა თავსატეხს ყველაზე ნაკლებ დროში ამოხსნის. სამი საუკეთესო დროის მაჩვენებელ მოთამაშეს, ფულადი პრემია გადაეცემა: პირველი ადგილი – 5000 ლარი; მეორე ადგილი – 3000 ლარი; მესამე ადგილი – 2000 ლარი.
თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის“. თამაშის ავტორი დავით ბაბიაშვილია, მხატვარი კი – ირაკლი თოიძე.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
(R)