2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია. 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი).
საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.


































































