საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 დეკემბერს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ასევე, უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,_ აცხადებს საქართველოს პროკურატურა.
































































