“ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას.
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი თავისუფალი და ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის უდიდესი მონაპოვარი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე.
„კარგად გვესმის, რომ ბოლო პერიოდში მოპოვებული და არაერთი საერთაშორისო კვლევით გამყარებული ნეიტრალური სტატუსი ორგანიზაციის მიმართ ინტერესს ზრდის და ამძაფრებს პოლიტიკოსების სურვილს, დაიქვემდებარონ თავიანთი კონტროლის ქვეშ, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ: პირველი არხი ყოველთვის იქნება არა პოლიტიკური ელიტის, არამედ საზოგადოების სამსახურში, ის აღარასოდეს გახდება არცერთი პოლიტიკური ძალისთვის მხარე, რადგან დაგროვებული გამოცდილება აქ დასაქმებულ ადამიანებს არ მისცემს იმავე შეცდომის დაშვების უფლებას“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.