სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.
გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებში იყო გაზრდილი:
ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4%-ით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 51.5%-ით; კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 50%-ით; თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 45.4%-ით; ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები – 42.3%-ით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ-სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
2023 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 612 ერთეული შეადგინა, რაც 5 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო შიდსით დაავადებულთა კუმულაციური რიცხოვნობა 10 391 ერთეულით განისაზღვრა. გასულ წელს შიდსით გარდაცვალების 122 შემთხვევა დაფიქსირდა.
მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 12.7%-ით შემცირდა და 1 444 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 13.4%-ით შემცირდა.