საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის, თითქმის, მესამედს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20.8 პროცენტს 14 წლამდე ადამიანები შეადგენენ, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.
კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 918.7 ათასი. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.
30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.