ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის მშობელმა, ზაზა სარალიძემ განაცხდა, რომ პროკურორი გუგუშვილი მას გაჩუმებას ურჩევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ადამიანების გაათავისუფლებით ემუქრებოდა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ. სარალიძის თქმით, სწორედ ამ მომენტიდან გაუჩნდა ეჭვები, რომ მის საქმეს პროკურატურა კარგად არ გამოიძიებდა.
,,პროკურორმა იმედა გუგუშვილმა გვითხრა, რომ თუ თქვენ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთო. პირდაპირი პასუხი იყო ჩემი, გამოუშვით პრობლემა არ არის-თქო. თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, რა აზრი აქვს ერთი და ორი ადამიანის დაკავებას. მამაჩემიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას, ჩხუბით არ გვუჩხუბია, მაგრამ მამაჩემი ძალიან გაბრაზდა. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე და არ აპირებდნენ ამ საქმის გამოძიებას“, _თქვა სარალიძემ.