მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ჩანიშნულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2016 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ანგარიშის წარდგენა იგეგმება, რომელსაც, ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზაზა ურუშაძე გამოიტანს დეპუტატთა სამსჯავროზე.
მანამდე კი საკითხის განხილვა საკრებულოში მოქმედ ფრაქციებსა თუ კომისიებში მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ წინა წლების მსგავსად, ფრაქცია „ლანჩხუთი- ევროატლანტიკური მომავლისთვის“ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას უარყოფითი შეფასებას აძლევს.
ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა გია გოგუაძემ ფრაქციის სხდომის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნის გარეშე უაზრობად მიაჩნია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა. თუმცა, მიუხედავად დეპუტატის ამ პოზიციისა, ფრაქციის წევრებმა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხი მოისმინეს და შესაბამისად, განიხილეს კიდეც.
ლაშხიას მოხსენებით ირკვევა, რომ ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 93%-ია, ხოლო მთლიანობაში გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 98,6%-თაა შესრულებული, რასაც, თავის მხრივ, მომხსენებელი დადებით მაჩვენებლად აღიქვამს.
როგორც ირკვევა, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი იმ 250 ათასმა ლარმა შეიტანა, რომელიც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოუყო გასული წლის ბოლოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. სწორედ ამ თანხით მოხდა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის დაგეგმილი მოსაკრებლის შემცირება 250 ათასი ლარით.
„ევროატლანტიკოსთა“ მოსაზრებით, ესაა ბიუჯეტის გაყალბების გზა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც, შესაბამისად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
აღნიშნული ფრაქციის წევრებისგან განსხვავებით, დადებითად აფასებს ლაშხიას მიერ წარდგენილ ანგარიშს ინფრასტრუქტურის კომისია. როგორც კომისიის წევრ ელისო ჭიჭინაძესთან საუბრის შემდეგ გაირკვა, საბოლო კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა უმრავლესობამ, დადებითად შეაფასა 2016 წლის ბიუჯეტი.
გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან საკრებულოს საფინანსო კომისიამაც მოისმინა, რომელსაც საზოგადოებრივი დარბაზის წევრებიც ესწრებოდნენ. აქტიური მსჯელობის მიუხედავად გაირკვა, რომ კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია. კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, კომისია ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, საბოლოო შეფასებას აუდიტის დასკვნის გაცნობის შემდეგ დადებს. დაგვიანებული აუდიტის დასკვნა კი დეპუტატებს 28 აპრილამდე მაინც უნდა ჩაბარდეს.