თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პარტია „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა. ამით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო – მას, ისე, როგორც მის თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძეს, 25 მარტს ელოდნენ, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე. იმის გამო, რომ ისინი მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც, ამავდროულად, არის კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მათი საქმეები გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა.
ბადრი ჯაფარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე, – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით ბრალი 4 აპრილს წაუყენეს. იმავე მუხლით წაუყენეს ბრალი 1 აპრილს მის თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძესაც. მას აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო 2 აპრილს შეუფარდეს.