დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, შეკითხვების ეტაპიდან გაგრძელდა ბესიკ მელუას, ხათუნა სურგულაძის და ქეთევან კვაჭანტირაძის სასამართლო პროცესი.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ მხარეთა განმარტებები ამოწურულია და მოსარჩელე მხარეს მიმართა, თუ ჰქონდათ კიდევ რაიმე დამატებით წარმოსადგენი.
მოსარჩელეთა ადვოკატებმა მოპასუხე მხარეს არაერთი კითხვა დაუსვეს მუნიციპალიტეტის მერიის მოპასუხე იურისტებს.
ხათუნა სურგულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო და როგორც თავად განაცხადა, იძულებული იყო, პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მობილობის გახორციელებისას, მეორე რანგის თანამდებობაზე თანხმობა განეცხადებინა. ამჯერად ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვს, განაცდურის ანაზღაურებით.
კითხვა-პასუხის, პაექრობის და რეპლიკების პროცესში, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები საკუთარი არგუმენტებით გაამყარა და განაცხადა, რომ სწორედ ამ იმედით გააგრძელეს დავა სამართლიან სასამართლოში. ოზურგეთის მერიის მოპასუხე იურისტები, ასევე, საკუთარ პოზიციას იცავდნენ. ბესიკ მელუა, რომელიც ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო, ახლა ითხოვს ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსად დანიშვნას და განაცდურის ანაზღაურებას. ამ სამსახურს, როგორც თავად და ადვოკატებმა განაცხადეს, მხოლოდ სახელწოდება შეეცვალა, დებულება კი იმავე ფორმითაა გადმოღებული, როგორიც წინა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში იყო.
საბოლოოდ, მოსამართლე მარინა კიკნაძემ გამოაცხადა, რომ სასამართლო პროცესის სარეზოლუციო ნაწილი 18 ივნსს, ორ საათზე გახდება ცნობილი.
მოსარჩელეებმა „გურია ნიუსთან“ განაცხადეს, სასამართლო დასრულდა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას კი, მათთან ერთად, საზოგადოებაც ინტერესით ელოდება.