დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ცესკოს 2018 წლის 14 ნოემბრის №53/2018დადგენილება) ბათილობა.
პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. (R)